რა ჯდება ავტომობილის შენახვა? 5 მთავარი ხარჯი, რომელიც შეძენამდე უნდა გავითვალისწინოთ

21 ოქტომბერი, 2026

წითელი GWM TANK 300 გრუნტის გზაზე ღრუბლიანი ცის ფონზე

მანქანის არჩევისას ყველა ფიქრობს მოდელის ფასზე, უმრავლესობა კი უკვე საწვავის მოხმარებასაც ითვალისწინებს. მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ ნაკლებად ფიქრობს შეძენის შემდგომ ხარჯებზე. არადა დიდწილად სწორედ ეს წყვეტს რეალურად რამდენად კარგი ინვესტიციაა ესა თუ ის მოდელი.

ამ ხარჯებს შორის ზოგი ყოველდღიურია, ზოგს წელიწადში ერთხელ ვიხდით, ზოგს კი მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როცა მანქანის გაყიდვას გადავწყვეტთ. მაგრამ რეალურად ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა ყველა მათგანი მანამ გავითვალისწინოთ, სანამ საჭეს მივუჯდებით.

AAA-ს 2026 წლის კვლევის მიხედვით, აშშ-ში ახალი ავტომობილის ტარება წელიწადში საშუალოდ $12 863 ჯდება. ეს თანხა ქართულ რეალობას არ ასახავს, თუმცა კარგი ილუსტრაციაა იმისა, რომ საწყისი ფასი ავტომობილის ფლობის სრულ ხარჯს არ ასახავს.

ამ ბლოგში განვიხილავთ ავტომობილის შენახვის ხუთი ძირითად ხარჯს, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია ბიუჯეტის დაგეგმვისას.

ავტომობილის ღირებულების შემცირება

ვერცხლისფერი HAVAL Jolion თანამედროვე შენობასთან, გვერდით ველოსიპედით მოძრავი ქალი
მეორად ბაზარზე ფასს გარბენი, ტექნიკური მდგომარეობა და მოდელზე მოთხოვნა განსაზღვრავს

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხადი ხარჯია, რომელსაც რეალურად იშვიათად თუ ვინმე ითვალისწინებს: როგორც არ უნდა მოვუაროთ მანქანას, მისი გასაყიდი ფასი დროსთან ერთად იკლებს. ეს დანახარჯი არც ქვითარში ჩანს და არც საბანკო შეტყობინებაში, მაგრამ დროთა განმავლობაში შესამჩნევი ხდება – რაც უფრო ძველია ავტომობილი, მით უფრო იზრდება მისი შენახვის ხარჯი.

2026 წელს iSeeCars-მა აშშ-ში 950 000-ზე მეტი ავტომობილის მონაცემი შეისწავლა. კვლევის მიხედვით, ხუთი წლის მანქანებმა საწყისი ღირებულების საშუალოდ 41,8% დაკარგეს, ჰიბრიდულმა მოდელებმა კი – 35,4%. ეს მაჩვენებლები ამერიკულ ბაზარს ეხება და გვაჩვენებს, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფასის შემცირებას ავტომობილის ფლობის საერთო ხარჯზე.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეორად ბაზარზე ღირებულებას გარბენი, ტექნიკური მდგომარეობა და კონკრეტულ მოდელზე მოთხოვნაც განსაზღვრავს. რაც უფრო მოვლილია მოდელი, გამართულად ფუნქციონირებს ტექნიკური მხარე და მაღალია რეპუტაცია მომხმარებლებში, მით ნაკლებად მცირდება მეორად ბაზარზე ავტომობილის ფასი.

რა ჯდება ავტომობილის დღიური გამოყენება?

HAVAL H6-ის წინა ნაწილი რადიატორის ცხაურითა და LED ფარებით
HAVAL H6: ბენზინის ვერსია 8,3 ლ, ჰიბრიდი 5,2 ლ 100 კმ-ზე

საწვავი სწორედ ის ხარჯია, რომლისთვისაც მძღოლების უმეტესობა ემზადება – თუმცა ზოგჯერ მაინც რთულია მისი წინასწარ გათვლა. საწვავის ფასი არამდგრადია და გლობალური მოვლენების გავლენით ხშირად იცვლება. საშუალო ხარჯის დათვლისას მოსალოდნელ წლიურ გარბენსა და ავტომობილის საშუალო მოხმარებას იყენებენ, თუმცა ეს ინფორმაცია იშვიათად არის საკმარისი. საცობები, მკვეთრი აჩქარება, კონდიციონერის გამოყენება, რთულ რელიეფზე სიარული – საწვავის ხარჯზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, რომელთა წინასწარ განსაზღვრაც ძალიან რთულია.

განსხვავება ძრავის ტიპზეც არის დამოკიდებული. შიდა წვის ავტომობილი მოძრაობისთვის ბენზინის ან დიზელის ძრავს იყენებს, ჰიბრიდულ მოდელს კი ელექტროძრავიც ეხმარება. დამუხრუჭებისას ჰიბრიდი ენერგიის ნაწილს აღადგენს და ბატარეაში ინახავს. ჰიბრიდი დღეს პოპულარული არჩევანია მათ შორის, ვინც ცდილობს მაქსიმალურად ეკონომიური მანქანა შეიძინოს.

შეგვიძლია გამოვიყენოთ პრაქტიკული მაგალითი ჰიბრიდის ეკონომიურობის დემონსტრაციისთვის: gwm.ge-ზე ამჟამად ხელმისაწვდომია HAVAL H6-ის ორივე ტიპის კომპლექტაცია. მწარმოებლის ინფორმაციით, ბენზინის ძრავის მოდელი 100 კმ-ზე საშუალოდ 8,3 ლიტრს მოიხმარს, ჰიბრიდული კი – 5,2 ლიტრს. თუ თეორიულად წელიწადში ავტომობილი 15 000 კმ-ს გაივლის, ჰიბრიდს დაახლოებით 465 ლიტრით ნაკლები საწვავი დასჭირდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდი ყოველთვის ბენზინის ძრავაზე უფრო ეკონომიური არაა. ჰიბრიდული SUV, მაგალითად, შესაძლოა, სტანდარტულ სედანზე მეტს წვავდეს. შედარება მეტ-ნაკლებად გამოსადეგია მხოლოდ მსგავსი სიმძლავრის ანალოგების შემთხვევაში. თუმცა, სჯობს, ჯერ თქვენი საჭიროებების შესაბამისად ავტომობილის ოპტიმალური ტიპი შეარჩიოთ და უკვე შემდეგ აარჩიოთ კონკრეტული მოდელი. დაინტერესების შემთხვევაში, GWM-ის ჰიბრიდული მოდელები იხილეთ აქ.

ტექნიკური მომსახურება და შეკეთება

GWM-ის ბენზინის ტურბოძრავი ღია ფონზე
გეგმიური მომსახურება ავტორიზებულ ცენტრში შეკეთების ხარჯს ამცირებს

დროთა განმავლობაში ავტომობილს სჭირდება ზეთისა და ფილტრების შეცვლა. ამას ემატება სეზონურად საბურავების შეცვლა, სამუხრუჭე სისტემისა და სავალი ნაწილის მომსახურება. ზოგჯერ კი – მოულოდნელი შეკეთებაც. Consumer Reports-ის 2025 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ავტომობილის ასაკის მატებასთან ერთად მომსახურებისა და შეკეთების ხარჯები იზრდება, განსაკუთრებით საგარანტიო პერიოდის დასრულების შემდეგ.

შეძენის შემდეგ ევროპული, იაპონური და ჩინური ავტომობილის გეგმიური მომსახურების რეკომენდაციები, პერიოდულობა და სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად განსხვავდება.

თუ მანქანა შესაკეთებელი გახდა, პოტენციურ ხარჯებს მნიშვნელოვნად ცვლის ადგილობრივი ავტო ცენტრის არსებობა. მასთან, როგორც წესი, ხელმისაწვდომია ქარხნული დეტალები და ავტორიზებული ტექნიკური მომსახურება. სხვა შემთხვევაში ნაწილების ჩანაცვლების ხარჯი, როგორც წესი, იზრდება. თანაც, რიგითი ხელოსანი შესაძლოა ვერ ერკვეოდეს კონკრეტული ბრენდისა თუ მოდელის სპეციფიკაში. არასწორმა ტექნიკურმა მომსახურებამ შესაძლოა მანქანა დამატებით დააზიანოს და მისი შენახვის ხარჯები კიდევ უფრო გაზარდოს.

დაზღვევა და ტექინსპექტირება

HAVAL H6-ის სალონის ვიზუალიზაცია გაშლილი უსაფრთხოების ბალიშებით
დაზღვევა ავარიის შემდეგ შეკეთების ხარჯისგან გიცავთ

დაზღვევის საფასური ავტომობილის ღირებულებასა და დაფარვის პირობებზეა დამოკიდებული. AAA-ს ზემოთ ნახსენები კვლევის მიხედვით, აშშ-ში დაზღვევა ავტომობილის ყოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანმდევი ხარჯია. საქართველოში კასკოდაზღვევა ნებაყოფლობითია, თუმცა ავტომობილის სესხით შეძენისას მისი გაფორმება შესაძლოა დაფინანსების ერთ-ერთი პირობა იყოს.

რეალურად, ავტომობილის დაზღვევა აუცილებელია. ეკონომიური მანქანები არცთუ ეკონომიურია, როდესაც ავარიის შემდეგ კაპიტალური შეკეთების საფასურის დაფარვა სრულად მძღოლს უწევს. პოლისის არჩევისას შეამოწმეთ, რა ზიანს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია და რა თანხის გადახდა მოგიწევთ თავად. თუ ხელშეკრულება ფრანშიზას ითვალისწინებს, ზიანის ნაწილს თავად იხდით.

საქართველოში მსუბუქი ავტომობილის პერიოდული ტექინსპექტირება გამოშვებიდან ოთხი წლის შემდეგ სავალდებულოა. რვა წლამდე შემოწმება ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, შემდეგ კი ყოველწლიურად. სტანდარტული მსუბუქი ავტომობილის ტექინსპექტირება 60 ლარი ღირს. თუმცა, თუ შემოწმებისას ხარვეზი გამოვლინდა, მისი გამოსწორება და განმეორებითი შემოწმება დამატებითი ხარჯია.

პარკირების საფასური და ჯარიმები

HAVAL Jolion ავტოსადგომზე პარკირების ასისტენტის ვიზუალიზაციით
პარკირება ავტომობილის შენახვის რეგულარული ხარჯია

პარკირება ავტომობილის შენახვის კიდევ ერთი რეგულარული ხარჯია, განსაკუთრებით, თუ ყოველდღიურად იყენებთ. თბილისში მუნიციპალური პარკირების წლიური საშვი 50 ლარი ღირს, თუმცა ზონალურ პარკირებას არ ფარავს. ზონის მიხედვით, ერთი საათის საფასური 1, 2 ან 3 ლარია. კერძო ავტოსადგომებზე კი ფასები ადგილმდებარეობისა და პარკირების ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავდება.

პარკირების წესების დარღვევაც შეიძლება დამატებითი ხარჯი გახდეს. თბილისში პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის ჯარიმა 50 ლარია, ხოლო ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე აკრძალული გაჩერებისთვის 100 ლარი. ზოგიერთ შემთხვევაში ავტომობილი სპეციალურ სადგომზეც გადაჰყავთ, რასაც დამატებითი ხარჯები მოჰყვება.

მოგეწონა GWM? ჩაეწერე ტესტ დრაივზე

ტესტ დრაივის ჩაწერა

← ბლოგში დაბრუნება

GWM Georgia

დატოვე შენი საკონტაქტო მონაცემები და ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგიკავშირდება.

გმადლობთ!

თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა. მალე დაგიკავშირდებით დეტალებისთვის.